რუსეთის "შენიშვნები" საქართველოს მიმართ ღიმილს იწვევს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
"რაც შეეხება იმას, რა "შენიშვნებიც აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ ეს ღიმილის გარდა არაფერს არ იწვევს", - აღნიშნა გაბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ გაეროს მხრიდან ადამიანის უფლებთან დაკავშირებით საქართველოს ანგარიში დადებითად მიღებული იქნა.
მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დადებითი შეფასების მიღება იმ პროგრესმა გამოიწვია, რომელსაც ქვეყანამ ყველა მიმართულებით მიაღწია.
"ბერი რამ არის კიდევ გასაკეთებელია. ყველაფერი რა თქმა უნდა ხშირად არ არის იდეალურად, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც დემოკრატიას ავითარებს სჭირდება ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად ნაბიჯების გადადგმა, რომ რეკომენდაციები, რომელიც მიღებულია შეასრულოს და საქართველო ამას აკეთებს და გაეროს ანგარიშს აბარებს", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, კრემლში საქართველოს პოზიციას გამომწვევად აღიქვავენ, რადგან არ მიიღო რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების კონსტრუქციული რეკომენდაციები ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
"მათი უგულვებელყოფა ნიშნავს, რომ ხელისუფლება მომავალშიც აპირებს გააგრძელოს ადამიანის უფლებების დარღვევა, არ გეგმავს რეფორმირება ჩაატაროს არადამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა, არ აპირებს პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც საქართველოს გადავსებულ ციხეებში ანტისანიტარიის გამო იტანჯებიან, კვალავაც გააგრძელებს ეთნიკური უმცირესობების უფლებების დარღვევას და არ აპირებს გამოიძიოს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტები", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.