სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II საქართველოშია. ის თბილისში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და სამებიც საკათედრო ტაძარსაც ესტუმრა.
გარეგინ II-სთან ერთად, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრები და ტაძრის სამღვდელოება იმყოფებოდა.
გარეგინ II-ს ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი საეკლესიო დროშებითა და ბაირაღებით შეხვდა. უწმინდესმა სამების ტაძარში გარეგინ II ამბიონზე მიიწვია, საიდანაც მათ შეკრებილებს მიმართეს.
„საქართველოში ვიზიტის დროს საჭიროა, დაიძლიოს სიძნელეები და გადაუწყვეტელ საკითხებზე პასუხი მოიძებნოს. აქ ჩამოვედი, რათა შეხვდეს სულიერ შვილებს, დავათვალიერო სომხური და ქართული ეკლესია-მონასტრები. შეხვედრებზე განვიხილავ ორმხრივ საინტერესო საკითხებს სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე. უნდა დაიძლიოს სიძნელეები და პასუხი მოიძებნოს იმ საკითხებზე, რაც დღემდე ორ ეკლესიას შორის გადაუწყვეტელია", - აღნიშნა სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა.
ილია მეორის თქმით კი, გარეგინ II-ის ვიზიტი საქართველოს ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ქართველთა და სომეხთა ისტორიული ძმური ურთიერთობების განმტკიცებას.
"ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდეს", - ბრძანა ილია მეორემ.
გარეგინ მეორე საქართველოში დღეს ჩამოვიდა. არსებული ინფორმაციით, ვიზიტი 6 დღე გაგრძელდება. სრულიად სომეხთა კათოლიკოსი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან შეუდგება. ის ხვალ დილით ილია მეორესთან გამართავს შეხვედრას.