კონტროლის პალატამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ობიექტების აუდიტის შედეგად ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა.
როგორც კონტროლის პალატაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ განაცხადა, ჯამურად ფინანსურმა დარღვევებმა მილიონ ლარს გადააჭარბა.
„კონტროლის პალატამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ობიექტების აუდიტის შედეგად ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები გამოავლინა.1. სამედიცინო მომსახურებათა ღირებულების გამჭვირვალე გაანგარიშების არარსებობა: სამედიცინო ტარიფები ეფუძნება დაუსაბუთებელ ისტორიულ სტატისტიკას. 2) სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების არაჯეროვანი ფინანსური მართვა: პროგრამული საბიუჯეტო თანხების არასწორად ანაზღაურება, პაციენტთა მომსახურების არამართლზომიერად ანაზღაურება, პაციენტთათვის გაწეულ მომსახურებათა არასწორი აღრიცხვიანობა. 3) სახელმწიფო ქონების არაეფექტიანად მართვა: მოიჯარეები დროულად არ იხდიან საიჯარო ქირას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება, საიჯარო ფართები გაცემულია არასაბაზრო ფასებით. 4) სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა: ფიქტიური კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვებში, მიმწოდებლები საავადმყოფოებს ჯეროვნად და დროულად არ აწვდიან შესყიდულ საქონელს/მომსახურებას, არ ხდება მათზე პირგასამტეხლოს დაკისრება", - განაცხადა გიორგი ალასანიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გასაუმჯობესებლად კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, დაუყოვნებლივ განახორციელოს მათი პრივატიზაცია.
კონტროლის პალატის აუდიტი 2008-2010 წლების პერიოდს მოიცავს.