დევნილმა ოჯახებმა სარანგეთის მრევლისგან დახმარება მიიღეს. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის - მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით პარიზში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სამრევლომ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. მრევლმა გადაწყვეტილებს მიიღო, რომ შემოსული თანხით საქართველოში დევნილ და შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარონ.
აღნიშნული მისიით საქართველოში მამა ანტონ კანდელაკი ჩამობრძანდა, რომელიც თავადაც დევნილი გახლვათ. მამა ანტონმა, მეუფე აბრაამმა და დევნილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა დღეს აღნიშნული დახმარება 2 დევნილ ოჯახს გადასცეს. აღნიშნული თანხა აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების - 12 წლის ნინო ასათიანისა და 14 წლის ზურა მალანიას ოპერაციას მოხმარდება. ნინო ასათიანს თვალის პროტეზირება სჭირდება, ზურა მალანიას კი მკურნალობა ქვედა კიდურზე, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება შესძლოს.
დევნილ ბავშვებს და მათ მშობლებს მეუფე აბრაამი, მამა ანტონი და მინისტრი კობა სუბელიანი დღეს შეხვდნენ და დახმარება გადასცეს. როგორც მეუფემ აღნიშნა, მსგავსი დახმარება გაგრძელდება: „დასავლეთ ევროპის ეპარქიის სამრევლოები აქტიურად მონაწილეობენ ჰუმანიტარულ აქციებში. მისი მიზანია სოლიდარობისა და თანადგომის გამოცხადება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსეთის ბარბაროსობის გამო საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ. ამ შემთხვევაში, პარიზის სამრევლომ ჩაატარა ჰუმანიტარული აქცია, საქველმოქმედო კონცერტი და კონცერტზე შემოსული თანხით, ბატონ კობას რჩევით 3 ადამიანს, იმ დევნილებს დავეხმარეთ, რომელთაც სერიოზული სამედიცინო დახმარება ნამდვილად სჭირდებათ. ვფიქრობთ, ეს ის ერთ-ერთი ნაბიჯია, რომელიც ამ ადამიების ცხოვრებას გააუმჯობესებს. ეს საქმე მომავლშიც გაგრძელდება."
მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით: „დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მამა აბრაამის ლოცვა-კურთხევით ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით ამჯერად ოპერაცია 3 დევნილ ბავშვს გაუკეთდება. ერთ ბავშვს თვალის ოპერაცია სჭირდება, მეორეს კი ცერემბრალური დამბლა აქვს სახსარზე გაუკეთდება ოპერაცია. რამდენიმე დღის წინ კი მამა ანტონმა დახმარება ზუგდიდში 7 წლის მამუკა ზაქარაიასაც ჩაუტანა, რომელსაც გული მანკი აქვს. მადლობას ვუხდი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს, ვინც აღნიშნული მოწყალება გაიღო და დაგვეხმარა."
12 წლის ზურა ნინო ასათიანის დედამ, თამელა ასათიანმა მეუფე აბრაამთან საუბრისას აღნიშნა, რომ თვალის ოპერაცია ბავშვისთვის სასწრაფო და აუცილებელი იყო, რადგან ნინოს თვალზე კეთილთვისებიანი სიმსივნე აქვს. 14 წლის ზურა მალანიას დედამ კი აღნიშნა, რომ ბავშვი მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, ტკივილები აწუხებს, ვერ იძინებს და სკოლაშიც საერთოდ არ უვლია. მას იმედი აქვს, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდება და სკოლაში წაყვანასაც აპირებს. დევნილებმა საფრანგეთის მრევლს და სამღვდელოებას მადლობა გადაუხადეს კეთილი საქმისთვის.