„საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ბრალდებები, რომლებიც პოლიციის მიერ თბილისის ცენტრში 26 მაისს მიტინგის დაშლის დროს გამოვლენილ სისასტიკეს ეხება. ამას გარდა, ხელიუფლებამ უნდა დაადასტუროს, რომ ყველა დაკავებულს აქვს უფლება საერთაშორისო სამარლებრივი ნომებით დადგენილი უფლებებით ისარგებლონ", - ნათქვამია საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაციის "Amnesty International"-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიცემულ ახალ რეკომენდაციაში.
საერთაშორისო არასამთავრობო უფლებების დამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო განხილვები იმ პირების მიმართ, რომლებსაც დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად.
"ბოლო მონაცემებით, მანიფესტაციის დროს 150 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს - ეს 26 მაისს დღის პირველ ნახევარში მოხდა. მათ უმრავლესობას ორი თვით ციხე ემუქრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ამ შემთხვევათაგან უმრავლესში ხელისუფლებამ დაკავებულთა ოჯახის წევრებს არ აუწყა მათი ახლობლების დაკავების შესახებ და არ მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებიან ისინი ამჟამად. ადგილობრივმა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ეს ფაქტი გააკრიტიკეს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშულია, რომ 27 მაისს საქართველოს შს სამინისტრომ, მართალია, გამოქვეყნა დაპატიმრებული ადამიანების ვინაობა, მაგრამ მათი ამჟამად ყოფნის ადგილი არ დააკონკრეტა.
"Amnesty International"-ს ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულებს ცუდად ექცევიან, რითიც სამართლებრივი ნორმები ირღვევა. 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა დროებითი იზოლაციის ადგილები მონახულა და განაცხადა, რომ დაკავებულთა უმრავლესობას სერიოზული ტრამვები აქვს მიყენებული. თავად დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მათ ეს ტრამვები დემონსტრაციის დაშლის დროს და დაკავების შემდეგ მიიღეს.
"Amnesty International" აღიარებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს აქვთ უფლება ადამიანების უსაფრთხოება და ქონება დაიცვან. მიუხედავად ამისა, პოლიციის ქმედება საერთაშორისო ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, რომლებიც გულისხმობს ვალდებულებას - იმოქმედო სამართალდარღვევის სერიოზულობის შესაბამისად, რათა მინიმუმამდე დაიყვანო ადამიანთა მსხვერპლი და მატერიალური ზარალი და პატივი სცე და დაიცვა ადამიანის უფლება.
"თუმცა დემონსტრანტების დაშლის დროს 26 მაისს პოლიციამ, როგორც ჩანს, ყველა ეს ნორმა დაარღვია", _ ნათქვამია რეკომენდაციაში და იქვე აღნიშნულია, რომ, მართალია, "Amnesty International"-ს აქვს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დემონსტრანტების მხრიდანაც ჰქონდა ძალადობას ადგილი და ორგანიზაცია ასევე საქმის კურსშია იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა და ერთი გარდაიცვალა, მაგრამ "Amnesty International"-ი მიიჩნევს, რომ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ნორმების იგნორირება მოხდეს.
"Amnesty International"-ი იღებს საქართველოს შს სამინისტროს საჯარო ბოდიშს, რომელიც ამ უწყებამ აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს მოუხადა, მაგრამ "Amnesty International"-ი სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი შემოიფარგლა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის ბოდიშის მოხდით და იგივე არ იქნა გაკეთებული დემონსტრანტების მიმართ.