აშშ-ისა და ნატოს რუსეთთან ურთიერთობებში, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში თანდათანობით გაუმჯობესდა, კვლავ უკანდახევაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი რუსულ და დასავლურ აზრთა სხვადასხვაობაა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით.
"The Christian Science Monitor"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ამჟამად ბრიუსელში მიმდინარე ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებას ეძღვნება, ნათქვამია, რომ მდგომარეობა მალე შეიძლება დაიძაბოს.
ამჟამად სიტუაცია შემდეგნაირია - რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროებში თავიანთი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ კომენტარი არავის გაუკეთებია.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე კომენტარი არც ნატოს გენერალურ მდივანს გაუკეთებია და მთელი პრესკონფერენაცია ლიბიაში შექმნილ სიტუაციას დაუთმო. ინფორმაციას ამის შესახებ "კომერსანტი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ბრიფინგი მხოლოდ რუსი ჟურნალისტებისთვის გამართა და თანაც ზუსტად იმ დროს, როდესაც ნატოს გენერალური მდივნის შემაჯამებელი პრესკონცერენცია უნდა გამართულიყო.
ამასთან დაკავშირებით, ნატოს შტაბბინაში უკმაყოფილება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ "ჩვეულებისამებრ, უცხოელი პარტნიორები შემაჯამებელ ბრიფინგებზე გენერალურ მდივანთან ერთად მონაწილეობენ".
რუსეთის თავდაცვის მინისტრი მხოლოდ რუსი ჟურნალისტებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე დასავლეთს დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ ევროპაში "პრო"-ს სისტემა გაჩნდება, რუსეთი იძულებული იქნება, "ეძებოს გზა ამ სისტემის დაძლევისთვის, რაც შეიარაღების ახალ მარათონს გამოიწვევს".
"The Christian Science Monitor"-ში ასევე მოყვანილია რუსი პოლიტოლოგის ალექსანდრე ხრამჩიხინის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს, ის, რომ მის შეშფოთებას სეროიზულად არავინ აღიქვამს.