დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. აღნიშნული განცხადება კამერონმა თემთა პალატაში პრემიერ-მინისტრის ოთხშაბათის ტრადიციული კითხვა-პასუხის სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა გიზელა სტიუარტმა საქართველოსთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა.
თემთა პალატაში პრემიერ-მინისტრის ოთხშაბათის ტრადიციული კითხვა-პასუხის სესიას ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.
კამერონმა თავის გამოსვლაში ღიად განაცხადა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს ის აღნიშნულ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.