დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში ჩატარებული პრესკონფერენციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უპრეცენდენტო ინტერესი იყო პრესკონფერენციისადმი უკრაინელი ჟურნალისტებს მხრიდან.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტბს მიაწოდა ინფორმაცია 26 მაისის მოვლენებზე და საქართველოში დღეს შექმნილ ვითარებაზე.
"უპრეცენდენტო ინტერესი იყო არა მარტო უკრაინელი ჟურნალისტების, არამედ პოლონეთიდან და სხვადასხვა საერთაშორისო არხების მხრიდან. უკრაინიდან დაწყებული, მთელი ევროპა გაიგებს, რომ 26 მაისს დიქტატურა ჩამოყალიბდა. უკრაინულმა მედიამ არ იცოდა იმის შესახებ, რომ 26 მაისს ჩატარდა სადამსჯელო ღონისძიება, რომლის შედეგადაც გვყავს ბევრი უკანონოდ დაკავებული და ნაცემი ადამიანი. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ევროპამ გაიგოს, რომ ყურის წაყრუებით 26 მაისს საქართველოში დიქტატურა ჩამოყალიბდა და ამჟამად აქ სრული დიქტატურაა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმაზე, თუ რა გეგმები ჰქონდა სახალხო კრებას. ბურჯანაძის თქმით, სახალხო კრებას უნდოდა, საქართველოში დაწყებულიყო დემოკრატიული პროცესები, ჩატარებულიყო თავისუფალი არჩევნები, ოღონდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება წავიდოდა.
"ხელისუფლება უნდა წავიდეს და მერე უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. ოპოზიციურ პარტიებს კი ვურჩევ, დაანებონ თავი თამაშს", - დასძინა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, მან რამდენიმე შეხვედრა გამართა უკრაინაში, მაგრამ არ ახმაურებს, ვის შეხვდა და რაზე იყო საუბარი. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აპირებს ვიზიტს ევროპის რამდნეიმე ქვეყანაში, მაგრამ არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოხდება მისი ვიზიტი და ვის შეხვდება.