პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანისთვის "მედიაპალიტრის" 6 შპს-ს შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმების პროცესის პოლიტიზება მიუღებელია.
როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, რატომ ატეხეს პოლიტიკოსებმა ამ საკითხზე აჟიოტაჟი და რატომ დაუკავშირეს "მედიაპალიტრის" შემოწმება 26 მაისის მოვლენების გაშუქებას.
"ამ ეჭვს არ ვადასტურებ. "კვირის პალიტრის" გარდა, ყველა გაზეთმა და ყველა ტელევიზიამ ეს ფაქტი გააშუქა ისე, როგორც დაინახა. საქართველოში არსებობს როგორც თავისუფალი პრესა, ისე ოპოზიციური და არავის არანაირი პრობლემა არ ექმნება", - განაცხადა მაჭავარიანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ "მედიაპალიტრის" შემოწმებისას მედიასაშუალების მუშაობა არანაირად არ შეფერხდება.
"მჯერა, რომ ისინი კანონის სრული დაცვით შევიდნენ. ეს დაწესებულებები არ იყო შემოწმებული და ახლა ამოწმებენ. საგადასახადოს თავისი სპეციფიკა აქვს. მთავარია, რომ არ შეფერხდება მედიასაშუალებების ფუნქციონირება", - აღნიშნა მან.