აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ს უმაღლესი ჯილდოთი - თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.
"გვინდა პატივისცემა გამოვხატოთ ლიდერის მიმართ, რომელიც მილიონობით ადამიანს შთააგონებდა მთელს მსოფლიოში და მათ შორის მეც. ეს ჩემი მეგობარი ანგელა მერკელია", _ განაცხადა ობამამ თეთრ სახლში კანცლერის საპარივსაცემოდ გამართულ წვეულებაზე.
თავისუფლების მედალი - აშშ-ს უმაღლესი ჯილდოა, რომელიც სამოქალაქო პირებს ენიჭებათ. იგი გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებულად ფასეული წვლილი შეიტანა სამშვიდობო და კულტურულ საქმიანობაში.
"50-ზე მეტი წლის წინ, 1957 წელს გერმანიის პირველი კანცლერი კონდრად ადენაუერი, აშშ-ს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას საუბრობდა იმაზე, რომ მისი ხალხი და მილიონობით ადამიანი, რომლებიც რკინის ფარდის მიღმა ცხოვრობს თავისუფლებისაკენ ისწრაფვის. და ამ მილიონობით ადამიანს შორის აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობდა გოგონა სახელად ანგელა", _ განაცხადა ობამამ დაჯილდოებს ცერემონიალზე.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც კომუნისტებმა მას განუცხადეს, რომ ვერ შეძლებდა წადილის ასრულებას და ენების შესწავლას იგი ბრწყინვალე ფიზიკოსი გამოვიდა. "მას შემდეგ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა. ხოლო იმ ღამით, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა, იგი მრავალ სხვა ადამიანთან ერთად, მეორე მხარეს გადავიდა და განიცადა ის, რადაც თავად "თავისუფლების საოცარ საჩუქარს უწოდებს", _ განაცხადა ობამამ.