"თავისუფალი საქართველოს" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.
როგორც შსს-ს ყოფილ შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე "ხალხის პარტიის" წევრმა ალეკო შალამბერიძემ განაცხადა, ჩხარტიშვილი აღნიშნილი აქციით 26 მაისს, აქციის დარბევის შედეგად დაკარგული მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენასა და საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
შალამბერიძემ მედიის წარმომადგენლებს ჩხარტიშვილის განცხადებაც გააცნო.
„მოვითხოვშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად მოხდეს 26 მაისს გაუჩინარებულ პირთა უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აღიარება და ძებნის გამოცხადება, აღნიშნულ უწყებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი სიების მიხედვით. ასევე, დამოუკიდებელი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური ორგანიზაციების იურისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების სავალდებულო ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 26 მაისის დარბევა-ანგარიშსწორების დროს ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციული სახით 10-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის სამართალდამცველებმა 5 ივნისს დააკავეს.