დღეს ჩინეთში სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსს, კონსერვატორიის სტუდენტს ჰქონდა გამოტანილი ავტოსაგზაო შემთხვევაში დაზარალებული ქალის სასტიკი მკვლელობისთვის. ბოროტმოქმედმა გადაწყვიტა, მოეკლა ველოსიპედისტი ქალი, ვინაიდან მისი "კლასობრივი სიძულვილის" შეეშინდა.
22 წლის პიანისტი მხოლოდ მას შემდეგ დასაჯეს სიკვდილით, რაც ჩინეთის უმაღლესმა სახალხო სასამართლომ მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორგანიზმში საწამლავი შეუყვანეს.
იაო ცზიასნიას საქმემ ჩინეთში უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. 2010 წლის 20 ოქტომბერს იგი 26 წლის ქალს დაეჯახა, რომელიც ველოსიპეტზე იჯდა. ავარიის შემდეგ მძღოლი ავტომობილიდან გადმოვიდა და დაინახა, რომ დაჭრილი მისი მანქანის ნომრის დამახსოვრებას ცდილობდა. ამ გარემოებამ იაო ცზიასნია მდგომარეობიდან გამოიყვანა, სტუდენტმა აიღო დანა და მსხვერპლს რვაჯერ მუცლის, გულმკერდისა და ზურგის არეში ჩაარტყა. მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. დარწმუნდა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო, ავტომობილში დაბრუნდა და ისეთი სიჩქარით მიიმალა, რომ კიდევ ორი ადამიანი გაიტანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მაშინ, როდესაც ველოსიპედზე მჯდომ ქალს მანქანა დაეჯახა, იგი მსუბუქად იყო დაშავებული, მისთვის სასიკვდილო კი სწორედ დანით მიყენებული ჭრილობები აღმოჩნდა. გარდაცვლილს ექვსი წლის ვაჟი დარჩა.
რამდენიმე დღის შემდეგ იაო ცზიასნია პოლიციაში მშობლებთან ერთად გამოცხადდა და განაცხადა, რომ მან ქალი იმიტომ მოკლა, რომ იგი სოფლიდან იყო ჩამოსული. მუსიკოსის აზრით, "სოფლელ ქალთან საერთო ენის გამონახვა და შეთანხმების მიღწევა ძნელი იქნებოდა". იაო ცზიასნიას ძალიან ეშინოდა, რომ მსხვერპლისთვის დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.
თუმცა პოლიციაში გამოცხადებამ და დანაშაულის აღიარებამ იაო ცზიასნიას არ უშველა. 2011 წლის 22 აპრილს მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.