საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს სკოლებს შორის პირველ საჭადრაკო ჩემპიონატის ფინალს 17 ოქტომბერს უმასპინძლა.
განათლების სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივ პროექტში საქართველოს 10 რეგიონის 1000-ზე მეტმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატი 2 ეტაპად ჩატარდა, რეგიონალურ ტურში გამარჯვებულებმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ფინალურ შეხვედრაში სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი ქუთაისის N21 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი თბილისის N25 საერო სკოლას, ხოლო მესამე ადგილი გორის N2 საჯარო სკოლას ხვდათ წილად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და კომპიუტერებით დააჯილდოვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამარჯვებულ გუნდებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული პრიზები - ფულადი თანხა და სამახსოვრო მონეტები გადასცა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავეხმაროთ სპორტის ამ მიმართულებას, განსაკუთრებით კი, ბავშთა ჭადრაკის განვითარებას და შესაბამისად მივესალმებით სასკოლო ჩემპიონატს. ახალგაზრდა მონაწილეებს დავპირდი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ იყოს ამ სპორტის არამარტო ერთგული გულშემატკივარი, არამედ აქტიური მხარდამჭერიც", - აღნიშნა დაჯილდოვებისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.