პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა სამაგალითოა.
„თურქეთის პრემიერ-მინისტრი არის სიტყვის კაცი, რასაც ამბობს ის კეთდება. ჩვენ ვთქვით, რომ იქნებოდა ერთობლივი აეროპორტი და ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი აეროპორტი. ვთქვით, რომ იქნებოდა უვიზო მიმოსვა და საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე უვიზო მიმოსვლაა. მან თქვა, რომ ხელს შეუწყობდა საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას და ყველამ ვნახეთ, თუ რამდენი თურქი ინვესტორი შემოვიდა საქართველოში. ვთქვით, რომ იქნებოდა ძალიან სერიოზული განვითარება პოლიტიკური ურიერთობების ყველა დონეზე და ეს ასეცაა - შეგვიძლია თურქეთის იმედი გვქონდეს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა... თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, უპასპორტოდ მოგზაურობის პირობებში ეს არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ცივილიზებულ, ორ დიდ ევროპულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სარფში, ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნისას.
მისივე განმარტებით, მისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად მისაბაძია სახელმწიფოს განვითარების ის მოდელი, რომელიც თურქეთს პრემიერ-მინისტრს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობის პირობებში გააჩნია.
„როცა პრეზიდენტი ვხდებოდი, მე ვამბობდი, რომ ჩემი მოდელი და მისაბაძი მაგალითი იყო მუსტაფა ქემალ თათურქი, რადგან მან არაფრისგან შექმნა ძალიან დიდი სახელმწიფო, მაგრამ, ახლა მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში, თუ რომელიმე ქვეყნის განვითარების მოდელი და დინამიკა უნდა იყოს მისაბაძი, ეს არის თურქეთის დინამიკა, რასაც აღწევს თანამედროვე თურქეთი სრულიად ახალ პირობებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით... სამაგალითოა ის, როგორ ვითარდება თურქეთის სახელმწიფო. სამაგალითოა ის, თუ როგორ მოახერხა თურქეთმა ჩამორჩენილი, მეორეხარისხოვანი ქვეყნიდან ბოლო რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში ყველაზე დინამიურად და ყველაზე საინტერესოდ განვითარებად სახელმწიფოდ ქცევა. მინდა გითხრათ, რომ თურქეთის შავიზღვისპირეთი უფრო მეტად ჩამორჩენილი იყო, ვიდრე ჩვენი შავიზღვისპირეთი და ნახეთ, რამხელა პროგრესს მიაღიწ თურქეთმა. რამდენი რამ შეიცვალა, ახალი ტექნოლოგიები მოდის თურქეთიდან, რამდენი საინტერესო საგანმანათლებლო რეფორმა გაკეთდა. რამხელა პროგრესს აქვს ადგილი ინდუსტრიულ განვითარებაში, ფინანსურ ლიბერალიზაციასა და კორუფციის წინააღმდეგ ბროლაში, რამხელა პროგრესი იქნა მიღწეული მთლიანად ქვეყნის იმიჯში და ეს ყველაფერი უკავშირდება ამ კაცს და მის გუნდს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანს. მე ვამაყოფ, რომ მას მივიჩნევ ჩემს პირად მეგობრად და საქართველოს მეგობრად. ჩვენ მას ჩვენიანად ვთვლით", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.