თურქეთი საქართველოს არა მხოლოდ მეზობელი, მეგობარი სახელმწიფოცაა. ამის შესახებ თურქეთის პრემიერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დღეს, სარფში ახალი საბაჯო-გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ განაცხადა.
„თურქეთი ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით და ამას კვლავ გააგრძელებს. საქართველოს არ არის ჩვენი მხოლოდ მეზობელი, ის ამავე დროს მეგობარი ქვეყანაცაა", - განაცხადა ერდოღანმა.
უშუალოდ ახლადგახსნილ საბაჟოსთან დაკავშირებით კი, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის საქართველოსა და თურქეთს შორის კავშირებს კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
„2009 წლიდან ჩვენს მეგობარ საქართველოში დიდი ინვესტიციები იქნა განხორციელებული. თუქეთი დღესდღეობით მარტო 200 მილიონზე მეტი ღირებულების ექსპორტს ახორციელებს. საგარეო ვაჭრობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასაზღვრო პუნქტებს და საზღვრის გახსნა ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ვაჭრობა აქტიურ ფაზაში გადავიდეს.ეს არის თანამედროვე, ძალიან მაღალი ხარისხის სასაზღვრო პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, ძალიან მარტივად გაიაროს საქართველო-თურქეთის საზღვარი. საზღვრის მოდერნიზაცია წარმატების ნიშანია ორივე ქვეყნისთვის", - აღნიშნა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ სარფში მოდერნიზებული სარფის საბაჟო პუნქტი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. საბაჟო-გამშვები პუქნტის გახსნას, საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დაესწრნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბათუმში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოფრინდა.
საბაჟო გამშვები პუნქტი დააჩქარებს და კომფორტულს გახდის საბაჟო გაფორმების პროცესს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ტვირთებისთვის. ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტვირთბრუნვის, არამედ ქვეყანაში ტურისტული ნაკადის გაზრდას.