ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე ბულგარეთში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან კარლ ლამერსთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან დევიდ ჰობბსთან.
შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას იმ რეზოლუციისათვის, სადაც დაფიქსირებულია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, განხორციელდა ეთნიკური წმენდა, აუცილებელია დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება, ასევე, მხარდაჭერილია საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ მსგავსი რეზოლუციები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების მხრიდანაც იქნება მიღებული.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის გააქტიურების საკითხს და ისაუბრეს საქართველოში წარმატებული რეფორმების განხორციელების საფუძველზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე, რისთვისაც საჭიროა რუსეთმა დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკური დიალოგი.
გიორგი ბარამიძემ ნატო-ს მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით გამოხატა საქართველოს ურყევი პოზიცია, გაგრძელდეს ქვეყანაში წარმატებული დემოკრატიული რეფორმები და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული ძალისხმევა.