"ახალი მემარჯვენეები" ფილმში რუსეთის პირველი არხის მიერ მომზადებულ ფილმში სახელწოდებით „კავკასიური გეგმა - მეტასტაზები" ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს „დანაშაულებრივ" ქმედებად აფასებს.
„ეს არის არა თუ უპასუხისმგებლო განცხადება, არამედ დანაშაულებრივი საკუთარი ქვეყნის მიმართ და სცდება მოქალაქეობრივი მოვალეობის, პოლიტიკური ქმედებების ფარგლებს. სრულიად აშკარაა, რომ ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებები ხიფათის შემცველია ქვეყნისთვის და შეიძლება ცუდი შედეგი მოუტანოს მან საქართველოს", - ნათქვამია „ახალი მემარჯვენეების" განცხადებაში.
მათივე შეფასებით, როგორც ჩანს, ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყოფილი წარმომადგენელი ისე დააბრმავა შურისძიების გრძნობამ საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ ამან დაუკარგა პატრიოტიზმის გრძნობა და თანდათან აქცია სამშობლოს ინტერესების მოწინააღმდეგედ.
„ახალი მემარჯვენეები" მოვუწოდებთ ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს და პარტიებს, ვინც დღეს ხელისუფლების ოპოზიციად მიიჩნევს თავს, იხელმძღვანელონ საქართველოს ინტერესებით, იმოქმედონ კონსტიტუციური გზით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის და არა საკუთარი სამშობლოს დასამარცხებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პირველმა არხმა მოამზადა ანტონ ვერნიცკის ფილმი სახელწოდებით „კავკასიური გეგმა - მეტასტაზები", რომლის ერთ-ერთი რესპონდენტია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ აჩიმეზ გოჩიაევს, რომელიც 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგადონსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქების ორგანიზატორი იყო, ქართველებმა არაერთხელ მისცეს კორიდორი.
ოქრუაშვილის თქმით, ამის მომსწრე თავად არის, ამ საკითხების გადაწყვეტით დაკავებული იყო შს სამინისტრო, საქმის კურსში იყო სააკაშვილიც. ფილმში ოქრუაშვილი საუბრობს აშშ-ს როლზეც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.