ამერიკის შეერთებულ შტატებში - ქალაქ ჯოპლინში დამანგრეველ ტორნადოს 116 ადამიანი ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს. 1 100-ზე მეტი დაშავდა. ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
სტიქიისგან მიყენებული ზიანის გამო დახურულია ქალაქის მთავარი საავადმყოფო. სტიქია მისურის შტატში უკვე შეაფასეს, როგორც ყველაზე დამანგრეველი უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში.
განადგურებულია 2 ათასამდე შენობა. ქალაქის მერის მიერ გავრცელებული ცნობით, ჯოპლინში არსებული ნაგებობების 30 პროცენტი დაზიანებულია.
ქარის სიჩქარე ტორნადოს ცენტრში საათში 350კილომეტრს აღწევდა. ქალაქის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, მოსახლეობა 20 წუთით ადრე რომ არ გაეფრთხილებინათ.
მეტეოროლოგიური სამსახურიდან ინფორმაციის მიღებისთანავე ჯოპლინში სპეციალური გამაფრთხილებელი საყვირები ჩართეს.