"რუსეთის მეზობლებთან დამოკიდებულება მაშფოთებს", - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "კომერსანტი" ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგთან ჩაწერილ ინტერვიუს.
ინტერვიუში კარელ შვარცენბერგი აცხადებს, რომ მას გარკვეულწილად აშფოთებს რუსეთის სურვილი ისეთივე როლი ითამაშოს მსოფლიო პროცრესებში, როგორიც აშშ-ს უკავია და აღნიშნულის კონტექსტში საქართველოს მაგალითზე საუბრობს.
"უპირველეს ყოვლისა, მაშფოთებს რუსეთის დამოკიდებულება თავის მეზობლებთან, საქართველო კი ამის ნათელი მაგალითია. ასევე შეიძლება გავიხსენოთ პრობლემები ბელორუსთან და ესტონეთთან მიმართებაში", - აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აქვე დასძენს, რომ მას შემდეგ, რაც მან სამი წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ქმედება მკაცრად დაგმო და მხარი არ დაუჭირა ევროკავშირის მიერ მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესებას, "მრავალი რამ შეიცვალა".
"მას შემდეგ მრავალი რამ შეიცვალა. რუსეთმა დააბანაკა სერიოზული სამხედრო კონტიგენტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამან სერიოზულად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში. ეს ძალა საკმარისია და საკმარისზე მეტიცაა, არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დასაცავად, არამედ პოტენციურად საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დასაწყებად. რა საჭიროა ამხელა გარნიზონები ამ სადავო ტერიტორიებზე?", - აცხადებს კარელ შვარცენბერგი და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი რეგიონში სიტუაციაზე გავლენას ახდენს.
"მაგრამ, ვიყოთ გულწრფელნი - ეს გავლენა არც თუ ისე დიდია", - დასძენს ის.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული რეჟიმი იდეალური არ არის, მაგრამ დღეს, მათ შორის ევროკავშირის გავლენით, იგი უკეთესია, ვიდრე ორი-სამი წლის წინ იყო.