სოფლის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით დღეს ერთმანეთს უმრავლესობის წარმომადგენელი ვანო ხუხუნაიშვილი და ლევან ვეფხვაძე დაუპირისპირდნენ. მათი დაპირისპირება მწვავე კამათში გადაიზარდა.
ხუხუნაიშვილმა იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატები იწონებენ სოფლის პროგრამებს და მისთვის გაუგებარია ის პრეტენზიები, რომ სოფლებში გადაწყვეტილება იქ არსებული პრობლემების მიხედვით არ მიიღება. ეს საკითხი დღეს კომიტეტების სხდომაზე მას შემდეგ დადგა, რაც ქრისტიან-დემოკრატებმა მოითხოვეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები გაძლიერდეს და სოფელს მიეცეს გადაწყვეტილების მიღების უფლება.
ლევან ვეფხვაძემ ხუხუნაიშვილს იმის გამო უსაყვედურა, რომ მან დაამახინჯა მისი პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებული განცხადებები.
"ჩვენ იმას ვამბობდით, რომ სოფლის პროგრამა არ არის ეფექტიანი სწორედ იმის გამო, რომ გადაწყვეტილებას არ იღებს სოფელი თავისი საჭიროებისამებრ. თქვენ კი ჩვენს ნათქვამს ატრიალებთ და იმას გვაწერთ, თითქოს საწინააღმდეგოს ვამბობდეთ", - განაცხადა ვეფხვაძემ.