ექსპერტ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, ბოლო დღეებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დათბობის ნიშნები გამოჩნდა. ამის შესახებ ექსპერტმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს ჩიტაძეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ჯერ რუსეთის ფედერაციის, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტების განცხადებები აძლევს, სადაც მედვედევიც და სააკაშვილიც აღნიშნულთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამენ.
"ორი ქვეყნის ურთიერთობების დათბობის ნიშნები ნამდვილად ჩანს. თუმცა, როგორც საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ისე ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნა ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. უფრო კონკრეტულად, რუსეთის სურს გააჩნდეს სახმელეთო კავშირი სომხეთთან, საქართველოს დაინტერესება კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს გავლით მეტი სატრანზიტო ტვირთის ტრანსპორტირება მოხდება, რითაც ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს მიიღევს. ამასთან, ეს ხელს შეუწყობს ყაზბეგის რაიონში ინფრასტრუქტურის განვითარებას. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული საბაჟო-პუნქტის გახსნა ორივე ქვეყანას აწყობს, ალბათ მას წინ ვერაფერი დაუდგება", - განუცხადა ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
თუმცა, ამასთან, ექსპერტის განმარტებით, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა გარკვულ საფრთხეს შეიცავს, რადგან არსებობს რისკი, თრუსოს ხეობიდან, რომელიც ყაზბეგის რეგიონს ესაზღვრება ბოევიკები გადმოვიდნენ. კიდევ ერთ საფრთხეს კი ჩიტაძე იმაში ხედავს, რომ რუსეთმა შესაძლოა ამ გზით სომხეთში სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირება მოახდინოს.
"ყაზბეგის რეგიონი თრუსოს ხეობის სიახლოვეს მდებარეობს, სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები კი ყოვეთვის იძახდნენ, რომ თრუსოს ხეობა, რომლებიც ოსებითაა დასახლებული, ეკუთვნოდა ყოველთვის სამხრეთ ოსეთს და არა საქართველოს. თუმდა ნაკლები შანსია, მაგრამ ვფიქრობ, ამ საზღვრის მეშვეობით არსებობს საფრთხე ყაზბეგში ბოევიკები გადავიდნენ", - განმარტა ექსპერტმა.
სს