საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ თურქი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალით დაინტერესება ძალიან მაღალია.
როგორც თურქეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის დაწყების წინ ხეთაგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თურქი ბიზნესმენები საქართველოში ჰესების მეშენებლობით არიან დაინტერესებულნი.
ხეთაგურის თქმით, ჰესების მშენებლობა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, რომ თბოელექტროსადგურები ჰიდროელექტროსადგურებით იქნას ჩანაცვლებული, რაც ხეთაგურის თქმით, საქართელოს ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის.
"თურქი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან საქართველოში ჰესების მშენებლობით. ჩვენ მათ გავაცნობთ ჩვენს ჰიდროპოტენციალს. თურქეთის მხრიდან ინტერესეი ერთიორად გაიზარდა თურქეთ-საქართველოს შორის გადამცემი ხაზის მშენებლობის დაწყების შემდეგ. თურქეთში ელექტროენერგიის დეფიციტი და ტარიფები მაღალია განსაკუთრებით ზაფხულში, მაშინ, როდესაც ჩვენ ჭარბირესურსები გვაქვს. ამიტომ მათი ინტერესია, ააშენონ ჰესები საქართველოში, იმისათვის, რომ ზამთარში ელექტროენერგია საქართველოში გაყიდონ, ზაფხულში კი მოხდება ექსპორტი თურქეთში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ თბოელექტროსადგურები ჰიდროელექტროსადგურებით იქნას ჩანაცვლებული, რაც საქართელოს ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის", _ განაცხადა ალექსანდრე ხეთაგურმა.