"ალ-ქაიდას" ლიდერ ოსამა ბინ ლადენის ვაჟებმა გაეროს მოუწოდეს, რათა ამ ორგანიზაციამ მამის დაღუპვის დეტალები გამოიკვლიოს. ამის შესახებ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც The New York Times-ში დაიბეჭდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უიარაღო ბინ ლადენის მკვლელობა ადამიანის საბაზისო პრინციპთა ხელყოფაა. ტერორისტის ვაჟებისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლებოდა მათი მამის ცოცხლად აყვანა და ისე გასამართლება, როგორც თავის დროზე ერაყის ლიდერი სადამ ჰუსეინი ან კიდევ იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი გაასამართლეს. ტერორისტის ვაჟები მიიჩნევენ, რომ ამით ამერიკელებმა უდანაშაულობის პრეზუმფცია უარყვეს.
განცხადების ავტორები უკმაყოფილებას არ მალავენ იმის გამოც, რომ ოპერაციის დროს ამერიკელებმა ცეცხლი გაუხსნეს "ალ-ქაიდას" ლდერის ოჯახის წევრებსაც. ბინ ლადენის ვაჟები მოითხოვენ, პაკისტანის ხელისუფლებამ მისი სამი ქვრივი და რამდენიმე ბავშვი გაათავისუფლოს.
განცხადებას ხელს აწერს ტერორისტის მხოლოდ ერთი ვაჟი _ ომარი, რომელიც, სავარაუდოდ, ბინ ლადენის დანარჩენი სამი მოზრდილი ვაჟის სახელითაც საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ ომარი მამის ტერორისტულ საქმიანობას გმობდა. 1999 წელს მან დედასთან ერთად ავღანეთი დატოვა.
შეგახსენებთ, "ალ-ქაიდას" ლიდერი პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მოკლეს. იმავე დღეს მისი გვამი მუსულმანური წესის დაცვით ზღვაში დამარხეს. სპეცოპერაციის დროს, ასევე, მოკლეს ბინ ლადენის ერთ-ერთი ვაჟი, ხოლო ტერორისტის ცოლი დაჭრეს.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანი ჯეი კარნი აცხადებს, ბინ ლადენი მას შემდეგ დახვრიტეს, რაც მან "მუქარის შემცველი მოძრაობა" განახორციელა. ერთ-ერთი ვერსიით, ამერიკის სპეცსამსახურის წარმომადგენლები ეჭვობდნენ, რომ ტანსაცმლის შიგნით ტერორისტი შაჰიდის ქამარს მალავდა. ამდენად, ბინ ლადენს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებდნენ ცოცხლად, თუ ის ტანსაცმლის გარეშე იქნებოდა.
ობამას ადმინისტრაცია ბინ ლადენის მკვლელობას ეროვნული თავდაცვის პრინციპით ხსნის. მათი თქმით, ტერორისტმა ომი გამუცხადა ამერიკას, 2001 წლის 11 სექტემბერს კი "ალ-ქაიდას" მიერ ორგანიზებულ ტერაქტს სამი ათასი ადამიანი ემსხვერპლა.