ამერიკულ სპეცსამსახურებს ბინ ლადენის ასაყვანად 40 წუთი დასჭირდათ. ალ-ქაიდას ლიდერს საბედისწერო ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. თავდაპირველად ამერიკელმა სამხედროებმა ბინ ლადენი სახის ნაკვთებით ამოიცნეს, მაგრამ იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ანალიზი გახდა საჭირო.
მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ლიკვიდაცია მსოფლიო მედიის წარმომადგენლებმა ბოროტებაზე გამარჯვებად შეაფასეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციაში მონაწილეობას 24 ამერიკელი საზღვაო ქვეითი იღებდა. ბინ ლადენს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა მან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
მანამდე ბინ ლადენი ერთ-ერთ ქალბატონთან ერთად გაქცევას სპეციალური გვირაბითა და საიდუმლო კიბით ცდილობდა, რომელიც მილიონ დოლარად შეფასებულ ვილაში მდებარეობდა. ბინ ლადენის მოკავშირე ქალბატონის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ის სპეცოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული.
ერთ-ერთი ვერსიით, მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა და ლოგინად იყო ჩავარდნილი. აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციაში პაკისტანის სპეცსამსახურების არცერთი თანამშრომელი არ იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკების ადგილას კატასტროფა პაკისტანის საჰაერო ძალების ვერტმფრენმა განიცადა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ამერიკელებმა ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ბინ ლადენის გვამი ზღვაში განისვენებს, სამხედროებმა ის ზღვაში გადააგდეს, რაც უსაფრთხოების მიზნით ახსნეს. ამერიკელებმა თავი ბინ-ლადენის საფლავის მნახველებისა და უცხო ექსტრემისტული ძალებისგან დაიზღვიეს.
შეგახსენებთ, 1 მაისს ამერიკის სამხედრო სპეცნაზმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის ახლოს ერთ-ერთ ვილაში ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამა განაცხადა. მისი თქმით, ამ ოპერაციაზე სანქცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გასცა.