მოსკოვი ნატოს არ ენდობა და აცხადებს, რომ ბოლო დროს ლიბიაში განხორციელებული დაბომბვების შემდეგ ნაკლებ დასაჯერებელია კოალიციის პირობა, რომ მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოქალაქეები არ წარმოადგენენ. ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მოსკოვში მზარდი შეშფოთებით ადევნებენ თვალს ლიბიიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის ზრდას ეხება. ასევე სერიოზულ ეჭვს იწვევს კოალიციის წევრთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ლიბიაზე დარტყმების მიზანი კადაფისა და მისი ოჯახის წევრთა განადგურება არ არის.", _ ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების განმარტებით, ლიბიაში სამხედრო ოპერაცია უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებულ მანდატის პირობებს სცილდება და ძალთა უთანაბრო დაპირისპირებაა.
"საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სანაცვლოდ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები უნდა დაიწყოს", - ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.