ხვალ, 19 აპრილს, ვნების კვირეულის დიდი სამშაბათია, რომელიც მაცხოვრის ვნების შვიდეულის ერთ-ერთი მძიმე დღეა. ვნების ექვსი დღე იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია აღევლინება, რომლის დროსაც სახარება სრულად იკითხება.
მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს უწოდებენ. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო შავი სამოსი აცვიათ.
დიდი სამშაბათის მსახურებაზე მორწმუნეები ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ იგავს იხსენებენ. ამ დღეს წმინდა ეკლესია მრევლს სულიერი სიფხიზლისა და მოწყალებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მოწყალებას უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).
წმიდა თეოდორე სტუდიელი დიდ სამშაბათს ნათქვამი სიტყვით სიფხიზლის აუცილებლობის შესახებ მოუწოდებს მორწმუნეებს: "უფლის ეს გაფრთხილება ახლა უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს, ვიდრე ოდესმე, რამეთუ აწ უფრო მეტია სული მთვლემარე და მიძინებული. სულიერი ძილი ორგანიზმის განსამტკიცებლად აუცილებელი ძილი არაა, პირიქით, იგია ძილი არაჯანმრთელი და ავადმყოფური, ადამიანი ფიქრობს, რომ ნამდვილი ცხოვრების ცხოვრობს, სინამდვილეში კი ღმერთი და მომავალი, მარადიული, ცხოვრება ავიწყდება. იმისათვის, რომ საშიშროების გრძნობა, სიფხიზლის აუცილებლობა ღრმად ჩავინერგოთ და ჩვენი სინდისი სულიერი თვლემისაგან გამოვაფხიზლოთ, უფალმა მოგვითხრო იგავი ათ ქალწულზე"; „მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი - სულელნი. მოიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუვაღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა, ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი, ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩვენ და თქუენ, არამედ უფროისღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისათანა ქორწილსა მას და დაეხშა კარი. შემდგომად მისა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყვი თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღვიძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს" (მათე 25, 1-13).
წმიდა თეოდორე სტუდიელის თქმით, ეს იგავი გვასწავლის, რომ რწმენის მიღებას თან ღვთის სათნო საქმენი უნდა სდევდეს. უგუნურმა ქალწულებმა, რომლებიც სიძის შესახვედრად გამოვიდნენ, ლამპრებისთვის ზეთი არ მოიმზადეს, ბრძენნი კი ლამპრებთან ერთად ზეთითაც აღიჭურვნენ, რათა თავიანთ სიძეს ღირსეულად შეხვედროდნენ.
"ასევეა ჩვენი ცხოვრებაც. მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, ამისთვის კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვიზრუნოთ, რომ, პირველ ყოვლისა, შევიძინოთ ღმრთის სიყვარული და რწმენა - შემდგომ სიყვარული მოყვასისა",_აცხადებს თეოდორე სტუდიელი.