"სილვიო ბერლუსკონის არანაირი "ჰარემი" არ აქვს. იტალიის პრემიერ-მინისტრის საღამოებს კი მისი კუთვნილი ტელეარხების თანამშრომლები ესწრებიან",_აცხადებს სილვიო ბერლუსკონის რუსი მეგობარი რაისა სკორკინა Russia Today-სთან ინტერვიუში.
რაისა სკორკინამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის მედიასაშუალებების მტკიცების საწინააღმდეგოდ, მასა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ბერლუსკონის "ჰარემთან" მას მცდარად აკავშირებენ.
"ბერლუსკონი ნამდვილი მამაკაცია ყველაფერში. ვფიქრობ, თუკი ოდესმე ვინმე შემიყვარდება და გავთხოვდები, დაე, გაბრაზდეს ჩემი მეუღლე, მაგრამ ჩემი გული ბერლუსკონის ეკუთვნის,"_აცხადებს რაისა სკორკინა.
ბერლუსკონის მეგობარი ქალი განმარტავს, რომ ამ განცხადებებით მას იტალიის პრემიერის დაცვა სურს, რომლის წინააღმდეგაც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მისი თქმით, ბერლუსკონი, როგორც "ტელევიზიის ბოსი", სხვადასხვა საქველმოქმედო საღამოს აწყობდა, რომლებსაც ლამაზი გოგონები და მამაკაცები სტუმრობდნენ.
მისი აზრით, ბერლუსკონიზე რეალური თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს სხვების თეთრეულის გამომზიურება უყვართ.
"ჩვენ ჭუჭყში ჩაგვყარეს. ამის გამო შოკირებული ვარ. ეს გოგონები ტელევიზიაში მუშაობენ, ისინი ძალიან ლამაზები, ჭკვიანები არიან და წარმატებას შრომით მიაღწიეს",_აცხადებს სკორკინა.
ფოტომოდელმა ერთ-ერთი საღამოც გაიხსენა, რომელშიც თვითონაც მიიღო მონაწილეობა.
"საღამოზე მეც მივედი, უზარმაზარი მაგიდის გარშემო საღამოს ულამაზესი კაბებით შემოსილი ადამიანები ისხდნენ. ბერლუსკონიმ სიმღერა დაიწყო, ის ხშირად მღერის და თანაც კარგად, ისევე, როგორც ლუჩანო პავაროტი. ბერლუსკონის ძლიერი ხმა აქვს. სიმღერებსაც წერს", _ იხსენებს სკორკინა.
მოდელმა დაადასტურა, რომ ბერლუსკონი სტუმრებს საჩუქრებით ანებივრებს.
სკორკინას აზრით, ბერლუსკონი პოლიტიკაში დარჩება.
"ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უყვარს ბერლუსკონის იტალია. ერთხელ მითხრა კიდეც: "რაია, ალბათ, სიკვდილი მუშაობის დროს მეწვევა".