მუამარ კადაფის რეჟიმი რუსული წარმოების ახალ შეიარაღება იღებს, მათ შორის "ტ-92" ტიპის ტანკებს და ამიტომაც ამბოხებულებს გამარჯვების მოპოვება უჭირთ. ეს განცხადება ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს წარმომადგენელმა მაჰმუდ ავად შამამმა გააკეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ განცხადებამ რუსეთში გაუკვევლობა გამოიწვია. "ნეზავისიმაია გაზეტას" ექსპერტები აცხადებენ, რომ "ტ-92" ბუნებაში არ არსებობს, ხოლო "ტ-90" მხოლოდ ინდოეთისათვისაა მიყიდული.
"თავის დროზე რუსეთმა დატბორა ახლო აღმოსავლეთი სამხედრო ტექნიკით და ამიტომაც ახლა ერთიც და მეორე მხარეც რუსული იარაღით იბრძვის", _ აცხადებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსეი არბატოვი.
მისივე თქმით, ემბარგოს პირობებშიც კი იქ იარაღი კიდევ 10 წლით ომისათვის საკმარისი იქნება.
"საბრძოლო მოქმედებების იმ ინტენსივობას თუ გავითვალისწინებთ, რა ინტენსივობითაც ამჟამად ეს საბრძოლო მოქმედებები მიდის, იარაღის მარაგი შესაძლოა წლების განმავლობაში იქნეს საკმარისი. ასე რომ იქ ტანკების ჩაყვანას ზღვით არავითარი აზრი არა აქვს", _ აცხადებს არბატოვი.
ამასთან ერთად, "ნეზავისიმაია გაზეტა" აღნიშნავს, რომ ლიბიელი ოპოზიციონერები ცუდად იბრძვიან, ისინი არადისციპლინირებულნი არიან, ცუდად არიან მომზადებულნი, ვერ დაამყარეს ნორმალური მომარაგება, კავშირგაბმულობა და მმართველობა, ხოლო არარსებულ "სუპერტანკებზე" განცხადებებით, მათ მხოლოდ თავიანთი მარცხის გამართლება სურთ.
ამას გარდა, გაზეთი ასევე წერს, რომ ამგვარი განცხადებებით რუსული ტანკების შესახებ ისინი ცდილობენ გაამყარონ თავიანთი მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნების მიმართ მათთვის იარაღის მიწოდების შესახებ.
"მაგრამ ლიბიელებმა ამ იარაღით სარგებლობა არ იციან და იარაღთან ერთად იქ უნდა ჩავიდნენ ინსტრიქტორები, ტექნიკური პერსონალი და მრჩევლები", _ წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ "საბოლოო ჯამში კი საუბარი მიდის ევროპელების ჩათრევაზე კადაფის წინააღმდეგ მიმართულ სახმელეთო ოპერაციაში. სწორედ ამისათვის მიდის საუბარი მოსკოვზე და არარსებულ ტანკებზე", _ წერს გაზეთი.