საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში ინტეგრაციისთვის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს.
როგორც ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე "რვიანთან" შეხვედრაზე თავად სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპიეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ისაუბრა. E
"ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ბლოკი, ეს არის დემოკრატიული ქვეყნების დემოკრატიული გაერთიანება და მისთვის უპირველესი თემა სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა, რაზედაც დღევანდელ შეხვედრაზე ჯეიმს აპატურაიმაც ისაუბრა", - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება იქნება ბერლინში დაგეგმილ ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა.
"არავინ დაგვითვლის ტანკებს, არავინ დაგვითვლის არტილერიას, მაგრამ ყველა აკვირდება საქართველოში დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების პროცესს. სწორედ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არის მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი საქართველოს ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე", - განმარტა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპიეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი თბილისში ერთდღიანიო ვიზიტით წუხელ ჩამოვიდა. ის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს და ოპოზიციურ "რვიანს" შეხვდა. ამ წუთებში კი აპატურაი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან მართავს შეხვედრას.