იტალიის ხელისუფლება დეკრეტზე ხელის მოწერას აპირებს, რომლითაც კუნძულ ლამპედუზაზე ჩასული ტუნისელი დევნილები შენგენის ზონაში გადაადგილების მიზნით დროებით ნებართვას მიიღებენ. ამის შესახებ "ფრანც-პრესი" იტყობინება.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტო მარონის თქმით, 2011 წლის განმავლობაში იტალიამ ტუნისიდან 25 ათასზე მეტი დევნილი მიიღო. ისინი ძირითადად პატარა კუნძულ ლამპედუზაზე განთავსდნენ.
მარონიმ აღნიშნა, რომ მიგრანტებს ნათესავები ძირითადად საფრანგეთში ჰყავთ, იტალიაში კი იმიტომ გარბიან, რომ მოგვიანებით ნათესავებს შეუერთდნენ.
ევროპაში შესასვლელად დროებითი ნებართვა მხოლოდ იმ ემიგრანტებისთვის გაიცემა, რომლებიც იტალიაში 5 აპრილამდე ჩავიდნენ. ხოლო მათ, ვინც იტალიაში მოგვიანებით ჩავიდა, გამარტივებული წესით გააძევებენ.
ცნობისთვის, კუნძული ლამპედუზა იტალიასა და ტუნისს შორის ზღვაში მდებარეობს. 2011 წლის დასაწყისში, პოლიტიკური ვითარების გართულების გამო ახლო აღმოსავლეთისა და მაღრიბის ქვეყნებიდან ლამპედუზაზე დევნილები გადავიდნენ. ამან ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ იტალიამ ევროპულ სახელმწიფოებს თხოვნით მიმართა, რათა აფრიკიდან გამოქცეული დევნილების მიღებაში დახმარება აღმოუჩინონ.