იაროსლავ კაჩინსკი პრემიერ ტუსკს ძმის წინააღმდეგ პუტინთან შეთქმულებაში ადანაშაულებს. ეს განცხადება გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმამ იაროსლავ კაჩინსკიმ გააკეთა. ოფიციალური ვარშავაც აცხადებს, რომ მოსკოვი რაღაცას ბოლომდე არ ამბობს. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი კი პოლონელებს ადანაშაულებს.
პოლონურმა მხარემ უგულვებელყო რუსი გამომძიებლების მოთხოვნები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სმოლენსკთან მომხდარი კატასტროფის საქმეს შეეხებოდა. რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, ჯერჯერობით პოლონეთიდან ექვს მოთხოვნაზე მხოლოდ ორზეა პასუხი მიღებული, თან ამ მოთხოვნებზედაც ამომწურავი პასუხები გაცემული არ არის.
ამასთან, პოლონეთი ტრაგედიის ერთი წლის აღსანიშნავად ემზადება. როგორც მოსალოდნელია, 100 ათასზე მეტი ადამიანი მთელი ქვეყნიდან ვარშავას სამგლოვიარო მარშით გაივლის. ამავე დროს, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ძმა იაროსლავ კაჩინსკი, რომელიც პოლიტიკურ პარტიას "უფლება და სამართლიანობას" ხელმძღვანელობს, პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს ადანაშაულებს იმაში, რომ იგი უშუალოდ ლეც კაჩინსკის გარდაცვალების წინ "მოღალატეობრივ და ანტინაციონალურ პოლიტიკას" ატარებდა, რაც საბოლოო ჯამში სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფით დასრულდა.
იაროსლავ კაჩინსკი დონალდ ტუსკს ბრალად უყენებს, რომ ტრაგედიამდე სამი დღით ადრე ტუსკი იმყოფებოდა კატინში იმისათვის, რათა ერთი-ერთზე შეხვედროდა თავის პოლონელ კოლეგას ვლადიმერ პუტინს. მისი მტკიცებით, წარმოქმნილი დავა პირდაპირ კატასტროფამდე მივიდა, ვინაიდან "ტუსკს პუტინის დახმარებით თავისი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინტრიგა ჰქონდა ჩაფიქრებული".
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც იაროსლავ კაჩინსკი დონალდ ტუსკს პუტინთან შეთქმულებაში ადანაშაულებს, თავად პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებს გამოთქვამს.
"ბი-ბი-სი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტუსკი აცხადებს, რომ რუსები ავიაკატასტროფის შესახებ სრულ სიმართლეს არ ამბობენ და განზრახ ცდილობენ ავიაკატასტროფის დეტალები დამალონ.
პრემიერის აზრით, ეს ხდება არა იმიტომ, რომ საუბარი მიდის რაღაც "საშინელ საიდუმლოზე", არამედ იმ მიზეზით, რომ მოსკოვს არ უყვარს თავისი შეცდომებისა და სისუსტის აღიარება.
ტუსკი ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო საავიაციო კომიტეტის დასკვნა არის ცალმხრივი, ვინაიდან მასში საუბარია მხოლოდ პოლონური მხარის შეცდომებზე და არაფერია ნათქვამი რუსული მხარის შეცდომებზე, რომლებიც "ცხადია".
ამავე პროგრამაში, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ "რუსული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს უწყობდნენ კატასტროფის მოხდენას. ისინი გამიზნულად მოქმედებდნენ ან ეს იყო ჩვეულებრივი ბარდაკი, ვერ გაიგებ", _ აცხადებს კაჩინსკი.