ჩინელ მხატვარს, აი ვეივეის, ეკონომიკურ დანაშაულში ადანაშაულებენ. მის მიმართ უკვე დაწყებულია გამოძიება. ამის შესახებ "ფრანც პრესი" იტყობინება.
თვითმხილველთა თქმით, ეი ვეივეი პეკინის აეროპორტში ჯერ კიდევ 3 აპრილს დააკავეს, როცა ჰონკონგის მიმართულებით თვითმფრინავში ასვლას აპირებდა. მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში ჩინეთის ყველაზე დიდი თანამედროვე მხატვრის ბედი გაუგებარი იყო. არც ის იყო გარკვეული, საერთოდ, დაჭერილი ჰყავდათ თუ არა იგი.
ამ ხნის განმავლობაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ ეი ვეივეის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა და პეკინს მისი გათავისუფლება მოსთხოვა. ამის პასუხად კი ჩინეთმა საკუთარი მედიასაშუალებებოით გაავრცელა ინფორმაცია და მის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება მოითხოვა.
ეი ვეივეის დისიდენტის რეპუტაცია აქვს. აღსანიშნავია, რომ უფრო ადრე ჩინეთის ხელისუფლება დასავლეთის ხათრით მისი დევნისგან თავს იკავებდა. ამასთან, ჩინეთში მას პატივს სცემდნენ საკუთარი მამის, ცნობილი მხატვრისა და პოეტის გამო.
ეი ვეივეის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მხატვარი "ეშმაკებზე ნადირობის" მსვერპლი გახდა, რაც ჩინეთში რევოლუციის დაწყებისა და არაბეთის ქვეყნებში მასობრივი მღელვარების შემდეგ გაძლიერდა.
ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა გალერეა ტეიტში მხატვრის უკანასკნელი ინსტალაცია. მხატვარმა გალერეის ერთ-ერთი დარბაზი ფაიფურისგან დამზადებული მზესუმზირებით აავსო. 2011 წლის თებერვალში კი ამ მზესუმზირების 100 კილოგრამი სოფთის აუქციონზე 560 ათას დოლარად გაიყიდა. ამასთან, ეი ვეივეი პეკინის ცნობილი სტადიონის "ჩიტის ბუდის" შექმნაში მონაწილეობდა, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადისთვის აშენდა.
ამ პროექტში მონაწილეობის მიუხედავად, მხატვარი ოლიმპიური თამაშების ჩინეთში ჩატარების წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს არღვევენ.
მხატვრის შემდეგი პროექტი ნიუ-იორკში მაისის დასაწყისში გაიმართება და მას "ზოდიაქო" ერქმევა.