გერმანიის ადმინისტრაციული სასამართლო გერმანიის კანცლერის ფედერალურ უწყებაში გამართული დახურული საზეიმო სადილის შესახებ საქმის განხილვას შეუდგა. სადილი 2008 წლის აპრილში Deutsche Bank-ის ხელმძღვანელის იოსეფ აკერმანის საპატივსაცემოდ გაიმართა.
სადილი აკერმანის 60 წლისთავს მიეძღვნა. ფინანსისტმა, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მსხვილ კერძო ბანკს ხელმძღვანელობდა, გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მოწყობილი ამ პომპეზური სადილით აღნიშნა საკუთარი იუბილე.
თავის დროზე ანგელა მერკელმა ყველა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ საღამო აკერმანის პატივსაცემად კი არ გაიმართა, არამედ საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ბიზნესის, სამეცნიერო საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეები, რასაც აკერმანის 60 წლის იუბილეც დაემთხვა.
ბერლინის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი არასამთავრობო ორგანიაზაცია Foodwatch-ის წარმომადგენელმა ტილო ბოდემ და ადვოკატმა კატია პინკმა შეიტანეს. მათ კანცლერის ფედერალური უწყებისგან ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა მოითხოვეს, რომელიც საზეიმო სადილს ეხებოდა.
უკვე ცნობილია, რომ მოსარჩელეებს მხოლოდ დოკუმენტთა ნაწილი გადასცეს. ამასთან, ზოგიერთი სტუმრის გვარი გამიზნულად დასვრილი და მიჩქმალულია, თავად კანცლერის მისასალმებელი სიტყვიდან კი მთელი აბზაცებია ამოღებული. ამასთან, მოსარჩლეთა მოთხოვნა, შეხვედრის დეტალების განსაჯაროების შესახებ უარყოფილია. მოსარჩლეები სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ მან კანცლერის უწყება დაავალდებულოს, რათა სადილის შესახებ დანარჩენი დოკუმენტები საჯარო გახდეს.