დღეს, 2 აპრილს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედ "ნორჩ ეკონომისტთა სკოლას" ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები ეწვევიან.
ახალგაზრდულ პარლამენტში ქუთაისის სხვადასხვა სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები არიან გაერთიანებულნი, რომელთაც "ნორჩ ეკონომისტთა" სკოლის მუშაობაში აქტიური ჩართვის სურვილი გამოთქვეს. ორმოცდაათამდე მოსწავლე შაბათობით თბილისში ჩამოვა და და ეკონომიკაში ლექციებს მოისმენს. პირველ ლექციას საერთაშორისო ეკონომიკაში მათ ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი წაუკითხავს. ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენელი ზურაბ მუშკუდიანი კი ახალგაზრდული პარლამენტის მოღვაწეობისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრებს.
შეხვედრას თსუ-ის რექტორის მრჩეველი მარინა ლომოური და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ელენე ხარაბაძე დაესწრებიან.