საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბათუმი შერატონის" დასრულებული ნაწილის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სასტუმროს მშენებლობას "მხოლოდ პირველი მერცხალი" უწოდა და მომავალში აქ ქალაქში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.
"უახლოეს კვირებში ჩვენ ვაწერთ ხელს ხელშეკრულებას ბათუმის "ჰაიატის" შექმნის თაობაზე. ასევე შენდება "ბათუმი-ჰილტონი", "ბათუმი-რედისონი" რომელიც ზაფხულში უკვე პრაქტიკულად შეიმოსება და დაამშვენებს აქ ცის კაბადონს. "ბათუმი-რიქსოსის" -ზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. შენდება ასევე "ბათუმი-ბულგარი" ექსკლუზიური შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო",_ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და დასძებს, რომ ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ბრენდების შემოყვანაზე ბათუმში, ისეთების როგორიც არის "ინტერკონტინენტალი" და ბევრი სხვა.
"ასე რომ ამ პატარა ქალქში ექნება ყველა მთავარი ბრენდი სასტუმროებისა. აქ იქნება უფრო მეტი მსოფლიო დონის სასტუმრო ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილზე ასე კონცენტრირებულად მთელს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში და მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ბათუმში იქნება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურა მსოფლიოში.