დღეს, 31 მარტს, ტყიბულში "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" და სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას კომპლექსური სადაზღვევო მომსახურების შესახებ.
სადაზღვევო პროგრამა "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში" შემავალი "საქნახშირის" ყველა თანამშრომელს ეხება და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ "ჯიპიაი ჰოლდინგისა" და "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მენეჯმენტი თავად წარუდგენს მაღაროელებს დაზღვევის პირობებს.
ზაზა სადუნიშვილი, "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის, "საქნახშირის" გენერალური დირექტორის, ზაზა სადუნიშვილის განცხადებით, სადაზღვევო პროგრამა, რომლითაც "საქნახშირის" 1000-ზე მეტი თანამშრომელი სარგებლობს, ჰოლდინგის სოციალური პასუხისმგებლობის და შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვის სტრატეგიის ნაწილია.
"თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად, წარმოებაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტებს ვნერგავთ. "ჯიპიაი ჰოლდინგთან" სადაზღვევო პროგრამის პირველი, 300 ათას ლარად ღირებული ეტაპი უკვე მუშაობს. დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები საწარმოო რისკების, ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროცესების დაზღვევის თაობაზე. მეშახტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე რისკიანია, ჩვენი უმთავრესი ამოცანა ამ რისკების მინიმიზაციაა", - განაცხადა მან.
"ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის, გიორგი კვირიკაძის განცხადებით, კომპანია რამდენიმე თვეა ამ პროექტზე მუშაობს.
"გვინდოდა გაგვეთვალისწინებინა ყველა ის გარემოება, რაც შეიძლება ამ საწარმოს მუშაკებისთვის და ხელმძღვანელობისთვის იყო საინტერესო. ჩვენ მიერ შემუშავებულ სადაზღვევო პროგრამაში შედის როგორც კომპენსაცია უბედური შემთხვევის დროს, ასევე ჯანმრთელობის დაზღვევა. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" საკმაოდ დიდი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით მიუდგა საკითხს. თანამშრომლები ამ საწარმოში მაღალი რისკის პირობებში მუშაობენ და კომპანიის მენეჯმენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ჩვენი სადაზღვევო პროგრამის საშუალებით ფინანსური თავდაცვის მექანიზმი შეექმნა მათთვის", - განაცხადა მან.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" ადგილზე სამედიცინო კაბინეტსაც მოაწყობს. მაღალი კვალიფიკაციის ზოგადი პრაქტიკის ექიმი ყოველდღიურად მოემსახურება "საქნახშირის" თანამშრომლებს და პირველად დახმარებასაც გაუწევს, საჭიროების შემთხვევაში.
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" და "ჯიპიაი ჰოლდინგის" პარტნიორობა ამ მიმართულებით გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში დაიწყება უშუალოდ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პროგრამა. "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიწვევით ტყიბულში უკვე იმყოფებოდა ამ დარგის სადაზღვევო ექსპერტი, რომელმაც შეისწავლა მდგომარეობა და სრულყოფილი ანგარიში მოამზადა, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები დაზღვევის პარალელურად. დაზღვეული იქნება არა მხოლოდ უშუალოდ მოულოდნელი შემთხვევა, არამედ აქედან გამომდინარე ფინანსური დანაკარგიც.