ხვალ, 31 მარტს, 11:00 სთ.ზე ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის გაფორმებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ღავთაძე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - გოდერძი ვაჭრიძე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრებიან.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ღავთაძე.
მემორანდუმის თანახმად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, 2010-2011 სასწავლო წლებში აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ.
მსაგავსი მემორანდუმი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (2009 წ.) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (2010 წ.) უკვე გააფორმა. ანალოგიურ მემორანდუმს სააღსრულებო ბიურო მომავალში საქართველოში აკრედიტებულ სხვა უმაღლეს სასწავლებლებთანაც გააფორმებს.