ოპოზიციის მხრიდან მთავრობის პასუხისმგებლობის სამართლებრივი ფორმით დაყენების შემთხვევაში საქმის მსვლელობა კონსტიტუციისა და რეგლამენტის წესის თანახმად დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტში სამთავრობო დებატების შემდეგ ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
"ბუნებრივია ოპოზიციას აქვს ამის უფლება. მათ აქვთ საკუთარი ხედვა, კრიტიკულად აფასებენ მთავრობის საქმიანობას და ეს სრულიად ბუნებრივია", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი დებატების ისეთივე თანმდევი პროცესია, როგორც უმრავლესობის მხრიდან მთავრობის კურსის მხარდაჭერა.
"მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის ჯერჯერობით პროცედურული ფორმით მსვლელობა არ მისცემია და თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ უკვე პროცედურული და სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენოს, ბუნებრივია, ჩვენ მივცემთ ამ მოთხოვნას მსვლელობას კონსტიტუციით და რეგლამენტით განსაზღვრული წესით", - განმარტა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ხედვებს არარსებობაში ადანაშაულებს. იგი მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავდა, თუმცა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე აღნიშნული მოთხოვნა ოფიციალურად არ შესულა.