ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ფიქრობს, რომ კადაფის გადაგდების შემდეგ დასავლეთი მისთვისაც მოიცლის. ამის შესახებ ჩავესმა კოალიციური ძალების მიერ ლიბიის ოპერაციის შეფასებისას განაცხადა.
უგო ჩავესის თქმით, დასავლეთმა გაითამაშა, თითქოს ლიბიის მცხოვრებთა თავისუფლებისთვის იბრძოდა, სინამდვილეში, მისი ინტერესი მხოლოდ აფრიკული ქვეყნის ნავთობის მარაგია.
უგო ჩავესი მიიჩნევს, რომ ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების გადაგდების შემდეგ ამერიკული იმპერიალიზმი მისთვისაც მოიცლის.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჩავესმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იმპერიალიზმის ახალი სამიზნე გახდა. ამასთან, ჩავესმა თავისი მხარდაჭერა გამოხატა სირიის ლიდერის მიმართ.
"სირიაზე თავდასხმა მოულოდნელად დაიწყო. მოულოდნელად ქვეყანაში დაიწყო, ერთი შეხედვით, მშვიდობიანი დემონსტრაციები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა",_აღნიშნა ჩავესმა.
"შემდეგ შემოდიან ამერიკელები, რომლებიც მზად არიან სახელმწიფო მისივე გადარჩენის საბაბით დაბომბონ. რა იმპერიული ცინიზმია!"_აღნიშნა ვენესუელის პრეზიდენტმა.
ამასთან, უგო ჩავესმა სირიასა და ლიბიაში მომხდარ მოვლენებს შორის პარალელი გაავლო. "იგივე სცენარი და მოვლენათა განვითარება. ქვეყნის მოსახლეობას სისხლისმღვრელ კონფლიქტში ჩართვის მიზნით პროვოკაციისკენ უბიძგებენ, რათა მოგვიანებით ქვეყანაში შეიჭრან, მათ ბუნებრივ რესურესებს დაეუფლონ და სახელმწიფო კოლონიად გადააქციონ", - მიიჩნევს ჩავესი.
"ლიბიის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ შემატყობინეს. ახალი სიკვდილი, ახალი ომი... ეს უპასუხისმგებლობაა",_განაცხადა ვენესუელის ლიდერმა.
"ჩვენ ცეცხლის რეალურ შეწყვეტას მოვითხოვთ, რათა ჩრდილოეთ აფრიკა მშვიდობიანობის გზას დაადგეს", - განმარტა ჩავესმა.
ამასთან, ჩავესმა გაარიტიკა საერთაშორისო ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია და აღნიშნა, რომ მის უკან დგას აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები.
"იანკების იმპერიას ლიბიელ ხალხთან არანაირი საქმე არ აქვს, ისინი ერაყისა და ავღანეთის ხალხებს ბომბავენ, არავის სიცოცხლე არ აინტერესებთ, არამედ მათი ინტერესის ობიექტია ნავთობი",_მიიჩნევს ვენესუელის მეთაური.
მისი თქმით, გაერო სამხედრო ოპერაციის მომხრეებს უჭერს მხარს, ნაცვლად იმისა, რომ ლიბიის დასაცავად ხმა აიმაღლონ.