მასწავლებელთა განათლების პროფესიული ცენტრი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია პაპავას განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მასწავლებელთა განათლების პროფესიული ცენტრიდან აცნობეს, მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამ ეტაპზე პედაგოგიურ საქმიანობას არ ეწევიან, სასერტიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო რეგისტრაცია ფასიანია.
"სერტიფიცირების შესახებ დებულების მიხედვით, მასწავლებელი გამოცდაზე პირველად გასვლის შემთხვევაში რეგისტრაციისთვის საჭირო გადასახადს არ იხდის, მაგრამ ეს არ ეხებათ იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ ეტაპზე არ მუშაობენ ანუ, რეგისტრაცია უფასოა, ასე ვთქვათ, მოქმედი მასწავლებლებისთვის", - აცხადებენ მასწავლებელთა განათლების პროფესიულ ცენტრში.
ამავე დროს, მასწავლებელთა განათლების პროფესიული ცენტრიში ვერ აკონკრეტებენ, თუ რას ნიშნავს ვებ-გვერდზე naec.ge განთავსებულ ინსტრუქციაში აღნიშნული: სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო ერთხელ აფინანსებს. (http://www.naec.ge/index.php?id=629〈=geo).
რადგან იქვე განმარტებული არაა გამონაკლისები, თუ ვისთვის ფინანსდება ერთხელ აღნიშნულ პროცედურა, შესაბამისად ნაგულისხმევია, რომ ყველასთვის - პირველადი სერთიფიცირების პროცესისას. აღნიშნულის ვარაუდის გამოთქმის უფლებას ის გარემოებაც იძლევა, რომ დღის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავსირებით სამინისტროსა და მისი ქვემდებარე უწყებებიდან კომენტარები რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოო განმარტება კი განათლების პროფესიული ცენტრიდან მიუხედავად დაპირებისა „ჯი-ეიჩ-ენმა" ვერ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია პაპავამ სასერტიფიკაციო გამოცდებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შესაბამისი რეგისტრაცია იმ მასწავლებლებისთვისაც უფასოა, რომლებიც პედაგოგიურ მოღვაწეობას ამჟამად არ ეწევიან, თუმცა მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება აქვთ.