25 მარტს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრირებული აპლიკანტების საბუთების მიღება დასრულდება. კონკრეტულად დადგენილია იმ პირთა ნუსხა, რომელთაც გამოცდებში მონაწილეობისთვის შესაბამისი თანხის გადახდა უწევთ.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რეგისტრაცია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც გამოცდაში პირველად მონაწილეობენ, უფასოა.
"სერტიფიცირების გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც გამოცდაში პირველად მონაწილეობენ, უფასოა. მეორედ გასვლის შემთხვევაში ის არის ფასიანი და 25 ლარს შეადგენს, თუმცა მხოლოდ იმ მასწავლებლებისთვის, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი ეტაპისას ვერც ერთი გამოცდა ვერ ჩააბარეს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"განათლების სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნათია პაპავამ.
მისვე თქმით, 25 ლარის გადახდა არ შეეხებათ იმ პედაგოგებს, რომლებმაც გასულ წელს უნარების ან პროფესიული გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
„ასევე რეგისტრაციისას თანხის გადახდა (აქ გამოცდაში პირველად მონაწილეობაზეა საუბარი) არ ეხებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც ერთი წელი მაინც აქვთ პედაგოგად მუშაობის გამოცდილება", - განაცხადა პაპავამ და განმარტა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა ის ამ წუთში ეწევა თუ არა რომელიმე სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას. მთავარია, ერთი წელი ჰქონდეს ნამუშევარი".