დღეს სასტუმრო რედისონში აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF) საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (GNSF) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ბიზნეს-პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში სამეწარმეო კონფერენციას გამართავს.
სამეწარმეო კონფერენციის ფარგლებში ამერიკელი და ქართველი ექსპერტები 12 საუკეთესო ბიზნესზე ორიენტირებულ სამეცნიერო პროექტს შეაფასებენ და საგრანტო დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
კონკურსზე წარმოდგენილი 51 საინოვაციო პროექტიდან საქართველოსა და ამერიკის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეარჩიეს 12 საუკეთესო ბიზნესზე ორიენტირებული პროექტი, რომელთა ავტორებიც კონფერენციაზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ.
საგრანტო პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი 240 000 ლარია, რომელსაც წილობრივად იხდიან საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (200 ათასი ლარი) და აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (40 ათასი ლარი).
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის ერთობლივი კონკურსი უკვე მესამე წელია ტარდება. 2007 წელს 8 პროექტი დაფინანსდა, 2008 წელს - 7. ეს პროექტები სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ კერძო სექტორის განვითარებას ითვალისწინებენ.