წვიმების შედეგად გურჯაანის რაიონში მდინარე ჭერმის ხევი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, რომელიც მდინარეზე გადის, წყლით დაფარა. სოფელი ჭერემი ამ დროისთვის გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის დირექტორმა თამაზ აბესაძემ განუცხადა, წყლის დონის დაწევის შემთხვევაში, ჭერემთან დაკავშირება მხოლოდ ორხიდიანი მანქანით იქნება შესაძლებელი.
„ჭერმის ხევი წვიმების გამო კვირას ადიდდა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დღეს სოფელში თოვლი მოვიდა. გზაზე ავტომანქანების გადაადგილება შეუძლებელია", - აღნიშნა თამაზ აბესაძემ.
ჭერემი მაღალმთიანი სოფელია და იქ 14 ოჯახი ცხოვრობს.