2011 წელს, შესაბამისი ხელისშემწყობი პირობების შემთხვევაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსალოდნელია საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება (მეწყრები, ღვარცოფები, ნაპირების გარეცხვა) - ამ ინფორმაციას ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა (OECI) გარემოს ეროვნული სააგენტოს მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
OECI - ს ინფორმაციით მცხეთა მთიანეთში შემდეგი სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარებაა მოსალოდნელი:
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საშიში გეოლოგიური პროცესებისა და აქტიურობის მაღალი ინტენსივობით დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გამოირჩევა. აქ პროცესების გააქტიურებას ხელს უწყობს როგორც კლიმატური, ასევე რთული რელიეფური პირობები და გეოლოგიური აგებულება.
შესაბამისი ხელისშემწყობი პირობების შემთხვევაში, პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია როგორც თეთრი ასევე შავი არაგვის ხეობებში განლაგებულ პრაქტიკულად ყველა დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე. ხეობათა ფერდობებზე დიდი რაოდენობითაა დაგროვილი გამოფიტული, უხეშნატეხოვანი მასალა, რომლებიც ფერდობების დიდი დახრილობის გამო ადვილად გადაადგილდება ხევების კალაპოტებისაკენ და წვიმების პერიოდში ხდება ღვარცოფული ნაკადების ფორმირება.
პროცესის გააქტიურება მოსალოდნელია ფშავისა და ხევსურეთის არაგვის აუზებში. სოფლებში: ნანიანი, მგლიანი, ზემო და ქვემო აში, მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდ. არყალას ხეობაში განლაგებულ სოფლებში. სოფ. ბულაჩაურსა და ქუბრიანთკარში თითქმის ყოველწლიურად ხდება ღვარცოფული ნაკადების გამოსვლა, რაც საშიშროებას უქმნის როგორც მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, ასევე საავტომობილო გზას. დროებით სტაბილიზებული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მდ. ნარეკვავის აუზში.
იგივე პრობლემების თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. მდინარეთა ხეობების ფერდობებზე დიდი რაოდენობითაა დაგროვილი გამოფიტული და ნაშალი მასალის დაგროვების გამო მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული და დახრამვითი ეროზიები. პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია სოფლებში: არტანი, ბოდახევი, ჩაბანო, ჭიაურა, ახალსოფელი, დელუზაურები, ლელოვანი, ჯიჯეთი, ზარიძეები, ტუშურები, ჩეკურიანთგორი, ერწოს ქვაბულის ირგვლივ განლაგებულ სოფლებში, სიონის წყალსაცავის ირგვლივ. მდ. იორისა და მისი შენაკადების ხეობებში მოსალოდნელია ნაპირების წარეცხვა.
მცხეთის მუნიციპალიტეტი რეგიონში გამოირჩევა რბილი მორფოლოგიური და გეომორფოლოგიური აგებულებით და აქედან გამომდინარე, საშიში გეოლოგიური პროცესების ნაკლები გავრცელებით. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ფიქსირდება მეწყრული, ღვარცოფული პროცესები, შეტბორვები და ნაპირების გარეცხვა. შეტბორვითი პროცესები დაფიქსირებულია და მომავალშიც მოსალოდნელია ქ. მცხეთაში და სოფ. წილკანის ტერიტორიაზე, სადაც პროცესი გამოწვეულია სოფლის ზედა ნაწილში არსებული არხიდან ინფილტრირებული წყლებით. მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია ქვემოთ ჩამოთვლილ სოფლებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე: მამკოდა, ცხვარიჭამია, ნიჩბისი, ნიჩბისი-კავთისხევის საავტომობილო გზაზე, მშრალი ხევი, შანკევანი, თბილისი-თიანეთის საავტომობილო გზაზე არსებულ მეწყრულ სხეულებზე, მცხეთა-შიმღვიმის მონასტერის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ბებრისციხის მიმდებარედ.
ღვარცოფული პროცესების გააქტურება მოსალოდნელია სოფლების: დიღომის, ხეკორძის, ნიჩბისის, აღდგომელაანთკარის, ნავდარაანთკარის, საგურამოს, კოტორაანთკარის, არაშენდას, ზაქაროს, წინამძღვრიანთკარის, ბიწმენდის, ძალისის ტერიტორიაზე. ძლიერი წყალმოვარდნებით ხასიათდება მდ. მდ. გლდანულა, თეზამი.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს ღვარცოფული ნაკადები, რომლებიც მუნიციპალიეტეტის მთელ ტერიტორიაზე ფართო გავრცელებით სარგებლობენ და რომელთა ფორმირებას ხელს უწყობს რელიეფის დიდი დახრილობა და ხეობათა სათავეებში დიდი რაოდენობით დაგროვილი გამოფიტული და ნაშალი მასალა.
ღვარცოფული ნაკადები საშიშროებას უქმნიან როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე სამხედრო გზას, მაგისტრალურ გაზსადენებს და შიდა სასოფლო გზებს. ღვარცოფული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია დევდორაკი-ამალის, კისტინკას, ყუროს, ქაბარჯინას, ბიდარას ხეობებში და თრუსოს ხეობაში. მეწყრული პროცესები შეზღუდული გავრცელებით სარგებლობენ.