ანდალუზიაში, დონიანის ნაციონალურ ბუნებრივ პარკში, მდებარე ტბების ქვედა შრეების შესწავლის შემდეგ უელვის უნივერსიტეტის მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ანდალუზიის ატლანტიკურმა სანაპირომ ცუნამის ძლიერი დარტყმა განიცადა. ეს ფაქტი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 218-დან 210 წლებში მოხდა.
მეცნიერებმა დღევანდელი ესპანეთის რეგიონისთვის ცუნამის შემდეგ წარმოქმნილი ბუნებრივი გარემო და კულტურულ-ისტორიული შედეგები პირველად გააანალიზეს.
სპეციალისტთა აზრით, რომაელების მიერ დღევანდელი ანდალუზიის ტერიტორიის დაპყრობა მიწისძვრის შემდეგ მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ღია ზღვაში იყო, რასაც გიგანტური ცუნამი მოჰყვა. ამის გამო ადგილობრივმა ტომებმა, რომლებიც რომაელების მოსვლამდე დღევანდელი ანდალუზიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, ეს ადგილები დატოვეს. ამდენად, რომაელთა ლეგიონები თითქმის დაუსახლებელ მიწაზე დასახლდნენ.
ისტორიული მეცნიერებისთვის ეს აღმოჩენა ნამდვილად რევოლუციურია. უფრო ადრე მიიჩნევდნენ, რომ იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დაპყრობა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი პუნიკური ომების შედეგი იყო, რომელთაც რომაელები კართაგენელებთან აწარმოებდნენ.
ადრიდანვე ცნობილი იყო, რომ დონიანის ნაციონალური პარკი ესპანეთის ის იშვიათი ადგილთაგანი იყო, სადაც რელიეფის მორფოლოგიური განსაკუთრებულობის ნახვა მთელი მისი სიმშვენიერით შეიძლებოდა. ამ ტერიტორიის განვითარება საზღვაო სანაპიროს განვითარების კრიტერიუმში სულაც არ ჯდებოდა. ამის შესახებ არაერთი მეცნიერული ნაშრომი დაიწერა.
კვლევის დროს მეცნიერები რელიეფის ცვლილებასთან დაკავშირებით მრავალწლიანი აეროკოსმიური დაკვირვებების შედეგებს იყენებდნენ. ასევე, ადგილობრივ ტერიტორიას სწავლობდნენ. შედარებითი ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ დონიანის პარკის ლანდშაფტი მიწისძვრისა და გიგანტური ცუნამის შედეგად ჩამოყალიბდა.
ამასთან, მეცნიერები სამომავლოდ მსგავსი ბუნებრივი კატაკლიზმის გამეორებას არ გამორიცხავენ. ამის მიზეზს მეცნიერებს თავად ანდალუზიის ადგილმდებარეობა აძლევთ, სადაც ძლიერი საზღვაო მიწისძვრების ალბათობა საკმაოდ მაღალია.