თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წევრი ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიას არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
როგორც ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე ფრაქციის მიზანი საკრებულოს სარევიზიო კომისიის რეალურად ამუშავებაა. აღნიშნულის დასადასტურებლად აბაშიძემ "თბილისის სატრანსპორტო სამსახურის მიერ 2007-2008 წლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიღებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმება-ანალიზის დასკვნა" წარადგინა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს მიერ იქნა მომზადებული.
"გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სარევიზიო კომისია უპასუხისმგებლოდ და არაპროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას. დასკვნა 23 გვერდიანია, აქედან, 22 გვერდზე ყოველგვარი ანალიზისა და შეფასების გარეშე აღწერილია, თუ რა სამუშაოები შეასრულა სატრანსპორტო სამსახურმა",_აცხადებს აბაშიძე.
მისი თქმით, "დასკვნა" პასუხს არ იძლევა, რამდენად მიზნობრივად და ეფექტიანადაა სახსრები დახარჯული, სწორად არის თუ არა ჩატარებული ტენდერები და ხარისხიანად შესრულდა თუ არა სამუშაოები.
სწორედ ამის გამო ფრაქცია კონტროლის პალატას მიმართავს, რათა მან წარმოდგენილი შემოწმების მასალები შეისწავლოს.
აბაშიძის განცხადებას თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმდომარე გამოეხმაურა. ნიკოლოზ ბაჩილავას განცხადებით, ამ დროისათვის სატრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობა იდეალურთან მიახლოებულია.
"ტრანსპორტის სფეროში იდეალური თუ არა, მასთან ძალიან მიახლოებული მდგომარეობაა. საკრებულო მაკონტროლებელი ორგანოა და იგი უფლებამოსილია მითითებები და რეკომენდაციები გაუწიოს ყველა იმ სამსახურს, რომელშიც შემოწმება ხდება. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციები გაწეულ იქნა, რის შედეგადაც შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების მიერ აღმოიფხვრა ის ლაფსუსები, რომელიც მუშა პროცესს ყოველთვის თან ახლავს",_ აღნიშნა ნიკოლოზ ბაჩილავამ.
მისი თქმით, აუცილებელია დასკვნის სრულყოფილად წაკითხვა, რადგან რეკომენდაციებსა და დასკვნას შორის დიდი განსხვავებაა.