საქართველოს გამოცდილება პოპულარული რევოლუციიდან ეფექტურ რეფორმებამდე - ასე ერქვა საქართველოს პრეზიდენტის ნახევარსაათიან სიტყვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ბრუკინგსის ინსტიტუტში წარმოსთქვა. საქართველოს პრეზიდენტს, აშშ-ის წამყვანი ექსპერტები, სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ერთი საათის განმავლობაში უსმენდნენ. მათ აინტერესებდათ სააკაშვილის, ხედვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებზე.
"ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ გამოვიდე ბრუკინგსის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია. ეს ინსტიტუტის აუდიტორიასთან საუბარი ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა და ამავდროულად ინტელექტუალური გამოწვევა. იმისათვის რომ შევქმნათ ჩვენი დისკუსიის ფონი მსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ საგანგებო მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს რევოლუციური ტრანსფორმაციის გამოცდილების გათვალისწინებით", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენები ყოველთვის მოულოდნელად ხდება.
"ისინი დაუგეგმავად იჩენენ თავს და მათი მთავარი გმირები, არაფერს ვამბობ ჩვენზე, რომლებიც შორიდან ვაკვირდებით მოვლენებს იშვიათად აანალიზებენ გამოვლენილ მასშტაბებს. მსოფლიო პოლიტიკა მსგავსი მოვლენები თითოეული ჩვენგანისაგან რადიკალურ რეაციას მოითხოვს. არისტოტელე ამის შესახებ, ჯერ კიდევ ფილოსოფიის საწყის ეტაპზე ამბობდა - ეს არის უარი უარი ვთქვათ ჩვეულ სქემებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.