აშშ-ში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა იაპონელ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი იაპონიის საელჩოში პირადად მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იაპონია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის მოვლენების შემდეგ საქართველოს დახმარება აღმოუჩინა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის რთულ ვითარებაში დახმარება აღმოუჩინოს იაპონელ ხალხს. სამძიმრის წიგნი აშშ-ში იაპონიის საელჩოში დღეს გაიხსნა. იქ პირველი ჩანაწერი აშშ-ს პრეზიდენტმა გააკეთა.
"2008 წელს როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა, იაპონია იყო ერთ ერთი პირველი იმათთაგანი რომელიც მოვიდა ჩვენს დასახმარებლად. მათ ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. რუსეთის პირდაპირი შემოჭრის შემდეგ იაპონელებმა ასევე წარმოუდგენლად დიდი ფინანსური დახმარება გაგვიწიეს და ყველა ადგილას, სადაც ჩვენ იაპონელებთან გვიხდება ურთიერთობა ეს არის ერი, რომელსაც ესმის ჩვენი და მხარს გვიჭერს ყველა საკითხში. ამიტომ ახლა, როდესაც მათ ამხელა დიდი ტრაგედია დაატყდათ მათ თავს ჩვენ არ შეიძლება გულგრილი ვიყოთ და მეგობრებს ყოველთვის უნდა აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში.