ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები გასვლითი ღონისძიებით ჭიათურასა და საჩხერეს ესტუმრებიან. თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში პროფესორები საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდებიან და მათთვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
18 მარტს, 12:00 საათზე, პროფესორები ჭიათურის # 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ "გეოგრაფიულ ვიქტორინაში" I ადგილის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემენ. ჭიათურის #1 საჯარო სკოლის გუნდმა "საშევარდნომ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ გეოგრაფიულ ვიქტორინაში პირველი ადგილი ზედიზედ ორჯერ - 2010 და 2011 წლებში დაიკავა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და თანამედროვე განვითარების შესახებ ინფორმაციას სკოლის მოსწავლეებს რექტორის მრჩეველი დოქტორი მარიამ ლომოური მიაწვდის.
შეხვედრაზე დაგეგმილია პროფესორ ნანა შათაშვილის ლექცია - " პლაზმა დედამიწაზე და სამყაროში: მომავალი ენერგიის წყაროები". თანამედროვე გეოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე მოსწავლეებთან პროფესორი გიორგი დვალაშვილი ისაუბრებს.
14:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა საჩხერის კინოს სახლშიც, სადაც თსუ-ის "საბავშვო უნივერსიტეტის" პროფესორების ლექციები საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის ჩატარდება.