ფუკუსიმას დაიიჩის ატომური ელექტროსადგურიდან 18 მილის მოშორებით, რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა. როგორც იაპონელი მეცნიერები ამბობენ, იმდენად მაღალია რადიაცია, რომ იქ მყოფი ადამიანი ექვს საათში მიიღებს იმხელა რადიაციას, რაც შეიძლება ჩვეულებრივ გარემოში 1 წელიწადში მიიღოს.
"ფუკუსიმა-1"-ზე რადიაციის დონე არ ეცემა. შესაბამის ინფორმაციას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი Tokyo Electric Power Company ავრცელებს.
სადგურზე კვლავ საგანგებო მდგომარეობაა. ამ დრომდე ვერ ხერხდება რეაქტორების გაგრილების სისტემის ფუნქციონირების აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა "ფუკუსიმა-1" და "ფუკუსიმა-2" ატომური ელექტროსადგურების რეაქტორები, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე აფეთქება და რადიაციის გაჟონვა.
სტიქიების შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები კვლავ გაიზარდა.
ადგილობრივი პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად დაღუპულად მიიჩნევა 5 ათას 457 ადამიანი, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად - 8 ათას 606.